GeoBee დაბრუნება
მეფუტკრეობა

ფუტკრის ოჯახის გაყოფა მოსავლის დაკარგვის გარეშე — როდის და როგორ?

ფუტკრის ოჯახის გაყოფა საფუტკრის გაზრდის, ნაყრიანობის კონტროლისა და დედა ფუტკრის განახლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თუმცა გაყოფა ავტომატურად არ ნიშნავს კარგ შედეგს. თუ ძლიერი ოჯახი არასწორ დროს ან არასისტემურად გაიყო, მეფუტკრემ შეიძლება ახალი ოჯახი მიიღოს, მაგრამ დაკარგოს თაფლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. განსაკუთრებით სარისკოა ოჯახის დასუსტება უშუალოდ მთავარი ღალიანობის წინ, როდესაც სკას მაქსიმალური რაოდენობის მუშა ფუტკარი სჭირდება.

22 ივნისი 2026 5 წუთი წასაკითხად 92

რატომ ამცირებს გაყოფა მოსავალს?

თაფლის მოსავალს ძირითადად მოღალე ასაკის მუშა ფუტკრები ქმნიან. ოჯახის გაყოფისას კი მნიშვნელოვანია განაწილდეს:

  • მუშა ფუტკარი;
  • ბარტყი;
  • საკვების მარაგი;
  • აშენებული ფიჭა;

ერთი სიტყვით - ოჯახის განვითარების პოტენციალი.

თუ ძლიერი ოჯახი თანაბრად გაიყო, ერთი მაღალპროდუქტიული ოჯახის ნაცვლად ხშირად ორი საშუალო ძალის ოჯახი მიიღება. ორივე მათგანს გარკვეული დრო სჭირდება ძალის აღსადგენად, ხოლო მთავარი ღალიანობა შეიძლება მანამდე დასრულდეს.

დედის გარეშე დარჩენილი ნაწილი განსაკუთრებით ნელა ვითარდება. მან უნდა:

  1. ჩამოაშენოს სადედე ან მიიღოს მიცემული სადედე;
  2. გამოზარდოს ახალი დედა;
  3. დაელოდოს მის განაყოფიერებას;
  4. დაიწყოს კვერცხდება;
  5. გამოზარდოს ახალი მუშა ფუტკარი.

ამ პერიოდში ოჯახში ახალი ბარტყის გამოყვანა შეფერხებულია. ამიტომ, თუ გაყოფა მთავარი ღალიანობის პერიოდის ახლოს ხდება, მოსავლის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გაყოფის მეთოდს და ახალი სათადარიგო დედის ხელმისაწვდომობას.

 

როდის შეიძლება ოჯახის გაყოფა მოსავლის ნაკლები დანაკარგით?

ფუტკრის ოჯახის გაყოფის დრო უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ კალენდრით, არამედ მთავარი ნექტრის წყაროს ყვავილობის სავარაუდო დასაწყისის მიხედვით.

გაყოფისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდია, როდესაც:

  • ოჯახი უკვე ძლიერია;
  • ბარტყი 7-9 ჩარჩოზეა;
  • ბუნებაში საკმარისი ნექტარი და მტვერია;
  • ამინდი თბილი და სტაბილურია;
  • მამალი ფუტკრები უკვე არიან;
  • მთავარ ღალიანობამდე ოჯახს აღდგენის დრო რჩება;

თუ მთავარი ღალიანობა ძალიან ახლოსაა, სრული ან თანაბარი გაყოფა ჩვეულებრივ მოსავლისთვის არახელსაყრელია. ასეთ შემთხვევაში უფრო პრაქტიკულია მცირე ნუკლეუსის შექმნა ან ნაყრიანობის საწინააღმდეგო კონტროლირებული გაყოფა.

თუ მთავარი ღალიანობა უკვე დასრულებულია, გაყოფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფუტკრის გასაზრდელად, დედების შესაცვლელად ან მომდევნო სეზონისთვის ოჯახების მოსამზადებლად. თუმცა ამ დროს აუცილებელია ახალი ოჯახის გაძლიერებისა და ზამთრისთვის მომზადების შესაძლებლობის შეფასება.

 

მოსავლის შესანარჩუნებლად გამოყენებული ძირითადი მეთოდები

1. მცირე ნუკლეუსის შექმნა

თუ მთავარი მიზანია ახალი ოჯახის ან სარეზერვო დედის მიღება, მაგრამ არ გსურთ ძირითადი ოჯახის ძლიერად დასუსტება, მცირე ნუკლეუსი ხშირად ყველაზე პრაქტიკული არჩევანია.

ნუკლეუსისთვის ძლიერი ოჯახიდან იღებენ მცირე რაოდენობის ბარტყს, ახალგაზრდა ფუტკარსა და საკვებს. ახალ ნაწილს ეძლევა სადედე, გაუნაყოფიერებელი ან უკვე განაყოფიერებული დედა.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ძირითადი ოჯახი ინარჩუნებს მოღალე ფუტკრებისა და ბარტყის დიდ ნაწილს და შეუძლია ღალიანობაზე მუშაობის გაგრძელება.

ნუკლეუსი არ უნდა იყოს იმდენად სუსტი, რომ ბარტყის გათბობა ან თავის დაცვა ვერ შეძლოს, ამავე დროს, ძირითადი ოჯახიდან ზედმეტი ბარტყისა და ფუტკრის ამოღება არ უნდა მოხდეს, რაც მოსავლის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

როდის მივმართოთ ამ მეთოდს:
ძირითადი ოჯახის სანაყრე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, მთავარ ღალიანობამდე, მინიმუმ 3-4 კვირით ადრე.

 

2. განაყოფიერებული დედით გაყოფა

ახალი ოჯახის შექმნისას უკვე განაყოფიერებული დედის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ბარტყიანობის შეჩერების პერიოდს.

ბუნებრივია თუ ახალ ოჯახს განაყოფიერებული დედა მიეცა და კვერცხდება მალევე განახლდა, ოჯახი უფრო მალე ვითარდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სეზონი მოკლეა ან მომდევნო ღალიანობამდე ცოტა დრო რჩება.

თუ ოჯახს საკუთარი დედის გამოყვანა უწევს, განვითარების პაუზა უფრო გრძელია და იზრდება:

  • ცუდი ამინდის გამო განაყოფიერების შეფერხების რისკი;
  • დედის დაკარგვის ალბათობა;
  • კვერცხდების დაგვიანება;
  • მუშა ფუტკრის რაოდენობის შემცირება.

როდის გამოდგება ეს მეთოდი:
როცა საჭიროა ოჯახის სწრაფად შექმნა და განვითარების ხანგრძლივი შეჩერება არასასურველია.

 

3. ხელოვნური ნაყარი

თუ ოჯახი უკვე ნაყრიანობისკენ მიდის, არჩევანი ხშირად აღარ არის მხოლოდ „გავყოთ თუ არა“. რეალური რისკია, რომ ბუნებრივი ნაყარი გამოვიდეს და ოჯახმა მოღალე ფუტკრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს.

ხელოვნური ნაყრის დროს მეფუტკრე თავად ყოფს ოჯახს ისე, რომ ბუნებრივი ნაყრის მდგომარეობა შექმნას. ჩვეულებრივ, ძველი დედა და ფუტკრების ნაწილი გადადის ახალ სკაში, ხოლო ძველ ნაწილში რჩება ბარტყი და ახალი დედის მიღების შესაძლებლობა.

ამ მეთოდით მეფუტკრე ცდილობს შეინარჩუნოს ის ფუტკარი, რომელიც ბუნებრივი ნაყრის შემთხვევაში საერთოდ დაკარგავდა.

თუმცა ხელოვნური ნაყარი მოსავლის სრულ შენარჩუნებას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს. მისი მიზანია უფრო დიდი დანაკარგის — ბუნებრივი ნაყრის — თავიდან აცილება.

როდის გამოდგება:
როცა ოჯახში უკვე აშკარაა ნაყრიანობის მდგომარეობა და მხოლოდ სივრცის დამატება საკმარისი აღარ არის.

 

4. კონტროლირებული მცირე გაყოფა ნაყრიანობის შესამცირებლად

თუ ოჯახი ძალიან ძლიერია, მაგრამ ნაყრიანობის ნიშნები ჯერ ადრეულ ეტაპზეა, შესაძლებელია მცირე რაოდენობის დახურული ბარტყისა და ახალგაზრდა ფუტკრის ამოღება.

ამით:

  • მცირდება ბუდის სიმჭიდროვე;
  • სუსტდება ნაყრიანობის ინსტინქტი;
  • იქმნება მცირე ნუკლეუსი;
  • ძირითადი ოჯახი ინარჩუნებს მოღალე ფუტკრების დიდ ნაწილს.

ეს მეთოდი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა ნაყრიანობის მიზეზიც კონტროლდება. თუ ბუდე ნექტრით არის გადატვირთული, მაღაზია სავსეა ან დედას კვერცხდების ადგილი აღარ აქვს, მხოლოდ ბარტყის ამოღება საკმარისი არ იქნება.

საჭიროა ერთდროულად:

  • ასაშენებელი ჩარჩოების დამატება;
  • ბუდის მდგომარეობის შემოწმება;
  • დედისთვის კვერცხდების ადგილის შენარჩუნება;
  • კორპუსის/მაღაზიის დროული დამატება.

როდის გამოდგება:
მთავარი ღალიანობის წინ, როდესაც ოჯახი ძლიერია, ღალიანობა გვიანდება, დედა ფუტკარი მაღალპროდუქტიულია.

 

5. თანაბარი გაყოფა

თანაბარი გაყოფისას ოჯახი თითქმის ორ სრულფასოვან ნაწილად იყოფა. ორივე ნაწილში ნაწილდება ფუტკარი, ბარტყი, საკვები და ფიჭა.

ეს მეთოდი კარგია საფუტკრის სწრაფად გასაზრდელად, მაგრამ თაფლის მოსავლის შენარჩუნებისთვის ხშირად ნაკლებად ხელსაყრელია.

თუ ძლიერი ოჯახი მთავარი ღალიანობის წინ თანაბრად გაიყო, ორივე ნაწილი შეიძლება იმაზე სუსტი აღმოჩნდეს, რომ ნექტრის ძლიერი ნაკადი სრულად გამოიყენოს.

თანაბარი გაყოფა უფრო მისაღებია, როდესაც:

  • მთავარი მიზანი ოჯახების რაოდენობის გაზრდაა;
  • მთავარ ღალიანობამდე დიდი დრო რჩება;
  • რეგიონში ხანგრძლივი ან რამდენიმე თანმიმდევრული ღალიანობაა;
  • ოჯახი განსაკუთრებით ძლიერია;
  • მიმდინარე სეზონის მაქსიმალური მოსავალი მთავარი პრიორიტეტი არ არის.

როდის გამოდგება:
საფუტკრის გაფართოებისას, მარალპროდუქტიული ოჯახების რაოდენობის გაზრდისთვის, გვიანი ღალიანობის მაქსიმალურად ასათვისებლად. 

 

6. მოღალე ფუტკრის გაყოფა

ოჯახების გაყოფის შემთხვევაში, როგორც ცნობილია მოღალე ფუტკარი ჩვეულებრივ ძველი სკის ადგილას ბრუნდება, თუ ახალი განაყოფი ოჯახი არ გადაადგილდა 7კმ მანძილზე. ამის გამო მოღალე ფუტკრების დიდი ნაწილი რჩება იმ ძირითად ოჯახში, რომელმაც თაფლის მოსავალზე უნდა იმუშაოს.

მაგრამ, მაგალითად, ძირითადი და ახალი განაყოფი ოჯახების ერთი ფერის და ფორმის სკების თანაბრად განლაგებით ძირითადი ოჯახის პირვანდელი მდებარეობის მიმართ შესაძლებელია მოღალე ფუტკრის შედარებით თანაბრად გაყოფა ან პირიქით, ერთ ოჯახში მეტი ახალგაზრდა ფუტკრის დატოვება, ხოლო მეორე ოჯახში მეტი მოღალე ფუტკრების დაბრუნება.

ეს მეთოდი უფრო ზუსტ მართვას საჭიროებს. არასწორი განაწილების შემთხვევაში ერთი ნაწილი შეიძლება ზედმეტად დასუსტდეს, მეორე კი გადაიტვირთოს, ასევე გასათვალისწინებელია ამ მეთოდის შრომატევადობა და სივრცის საჭიროება სკების განლაგებისთვის.

როდის გამოიყენება:
როცა მეფუტკრეს სურს მოღალე ფუტკრის თანაბრად გადანაწილება ძირითად და ახალ ოჯახს შორის, როდესაც სკების განლაგება შესაძლებელია ერთმანეთის გვერდიგვერდ.

 

რომელი მეთოდი შევარჩიოთ?

მეთოდი უნდა შეირჩეს ოჯახის მდგომარეობისა და მიზნის მიხედვით.

მდგომარეობაუფრო შესაფერისი მიდგომა
ძლიერი ოჯახი, მთავარი ღალიანობა ახლოვდებამცირე ნუკლეუსი ან კონტროლირებული მცირე გაყოფა
ოჯახი ნაყრიანობის აქტიურ მდგომარეობაშიახელოვნური ნაყარი
საჭიროა სწრაფად განვითარებადი ახალი ოჯახიგაყოფა განაყოფიერებული დედით
მთავარი მიზანია საფუტკრის სწრაფი გაზრდათანაბარი გაყოფა
საჭიროა ძირითად ახალ ოჯახში მოღალე ფუტკრის შენარჩუნებამოღალე ფუტკრის გაყოფა
მთავარი ღალიანობა დასრულებულიათანაბარი გაყოფა, სეზონის დარჩენილი დროის გათვალისწინებით

 

როგორ დავიცვათ ძირითადი ოჯახი ზედმეტად დასუსტებისგან?

გაყოფისას ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა: რას ვტოვებთ ძირითად ოჯახში?

მოსავლის შესანარჩუნებლად ძირითად ოჯახში სასურველია დარჩეს:

  • საკმარისი მოღალე ფუტკარი;
  • გამოსასვლელი დახურული ბარტყი;
  • მოქმედი და ხარისხიანი დედა, თუ სტრატეგია სხვას არ ითვალისწინებს (დედის შეცვლა სხვა მაღალპროდუქტიული დედით);
  • ნექტრის განსათავსებელი თავისუფალი სივრცე;
  • საკმარისი აშენებული ფიჭა;
  • ნაყრიანობის მართვისთვის საჭირო პირობები.

თუ ოჯახიდან ბევრი დახურული ბარტყი ამოიღეთ, მომდევნო კვირებში მუშა ფუტკრის მასა შემცირდება. თუ ბევრი მოღალე ფუტკარი გამოვაცალეთ, ნექტრის შეგროვება დაუყოვნებლივ შემცირდება.

ამიტომ გაყოფისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩარჩოების რაოდენობა, არამედ მათი შინაარსიც.

 

პრაქტიკული მაგალითები

მთავარი ღალიანობა რამდენიმე კვირაში იწყება

ოჯახი ძლიერია, მაგრამ ნაყრიანობის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში სრული გაყოფა იშვიათად არის საჭირო. შესაძლებელია მცირე ნუკლეუსის შექმნა და ძირითადი ოჯახის სივრცის გაფართოება.

ოჯახში სადედეები უკვე არის

თუ სადედეები განვითარებულია და დედის კვერცხდება შემცირდა, მხოლოდ ჩარჩოების/კორპუსის/მაღაზიის დამატება შეიძლება დაგვიანებული იყოს. საჭიროა ხელოვნური ნაყარი ან სხვა კონტროლირებული გაყოფა, რათა ბუნებრივი ნაყარიანობა თავიდან ავიცილოთ.

მთავარი ღალიანობა დასრულდა

თუ სეზონის დარჩენილი ნაწილი საკმარისია, შესაძლებელია ოჯახების სრული გაყოფა. თუმცა ახალ ოჯახს უნდა მიეცეს დედა, საკმარისი საკვები, საკმარისი ფუტკარი და ზამთრამდე გაძლიერების დრო.

 

გაყოფის შემდეგ აუცილებელი კონტროლი

გაყოფა დასრულებულად არ ითვლება მხოლოდ სკების განცალკევებით.

შემდეგ უნდა შეფასდეს:

  • დარჩა თუ არა ორივე ნაწილში საკმარისი ფუტკარი;
  • შეუძლია თუ არა ოჯახს ბარტყის გათბობა;
  • აქვს თუ არა საკმარისი საკვები;
  • მიიღო თუ არა ახალმა ოჯახმა დედა ან სადედე;
  • დაიწყო თუ არა დედამ კვერცხდება;
  • ხომ არ არის ძარცვის რისკი;
  • ხომ არ დასუსტდა ძირითადი ოჯახი ზედმეტად.

ახალ ოჯახში შესასვლელის შემცირება ხშირად საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახი ჯერ მცირეა ან ღალიანობა სუსტდება.

 

ყველაზე ხშირი შეცდომები

ოჯახის გაყოფისას მოსავალი ყველაზე ხშირად მცირდება, როცა:

  • ძლიერი ოჯახი თანაბრად იყოფა უშუალოდ ღალიანობის წინ;
  • ოჯახიდან ზედმეტად ბევრი დახურული ბარტყი გამოაქვთ;
  • ძირითად ოჯახს მოღალე ფუტკარი აკლდება;
  • ახალ ოჯახს დედის გამოყვანა დიდხანს უწევს;
  • გაყოფა კეთდება სუსტი ოჯახიდან;
  • ნაყრიანობის ძირითადი მიზეზი არ აღმოიფხვრება;
  • ახალ ოჯახს საკვები და ფუტკარი არ ჰყოფნის;
  • მეფუტკრე გაყოფის შემდეგ შედეგს დროულად არ ამოწმებს.

 

დასკვნა

ოჯახის გაყოფა მოსავლის სრული დაკარგვის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ ყველა მეთოდი ყველა სიტუაციას არ შეესაბამება.

თუ მთავარი მიზანი თაფლის მოსავლის შენარჩუნებაა, უმეტეს შემთხვევაში უკეთესი არჩევანია:

  • მცირე ნუკლეუსის შექმნა;
  • განაყოფიერებული დედის გამოყენება;
  • მოღალე ფუტკრის ძირითადი ოჯახისთვის შენარჩუნება;
  • ნაყრიანობის ადრეულ ეტაპზე კონტროლირებული მცირე გაყოფა;
  • გაყოფის გადადება მთავარი ღალიანობის დასრულებამდე.

მთავარი პრინციპი ასეთია:

ოჯახის გაყოფისას უნდა შევამციროთ ნაყრიანობის რისკი ან შევქმნათ ახალი ოჯახი ისე, რომ ძირითადი თაფლის ოჯახი სამუშაო ძალის გარეშე არ დარჩეს.

სწორად შერჩეული დრო და მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ახალი ოჯახი და ამავე დროს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სეზონის მოსავალი.

თეგები #GeoBee #ქართული_ფუტკარი #მეფუტკრეობა #საქართველოს_მეფუტკრეობა #საინფორმაციო_ტექნოლოგიები #ციფრული_პლატფორმა #ფუტკარი #თაფლი #ფუტკრის_პროდუქტები #სოფლის_მეურნეობა #აგრობიზნესი
ინფორმაციის წყარო GeoBee

ბოლო სიახლეები

ასევე წასაკითხი

ყველა სიახლე